ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“აღმასრულებელი საბჭო ასოციაციაში პროკურატურის გამოცდაჩაბარებულ პირთა გაწევრიანების თემაზე არსებულ საჯარო დისკუსიას ეხმიანება
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ საჯარო გახადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის ორი კონკრეტული მოსამართლის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში შესაძლო კანონდარღვევის თაობაზე, რასაც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება და მედიის საშუალებებში დისკუსია მოჰყვა. ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით სასამართლომ, ისე, რომ პროცესის მსვლელობის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაციას თუ დაზუსტებას, ზეპირად გამოაცხადა სხვა შინაარსის გადაწყვეტილება, ხოლო წერილობით დოკუმენტში სხვა შინაარსი აისახა. ამასთან, ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია ასოციაციის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც სასამართლო პრაქტიკაში ძალზედ იშვიათ-საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს.
მიგვაჩნია, რომ სასამართლო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს სამართალწარმოების პროცესში არ დაუშვას არანაირი კანონშეუსაბამო შემთხვევა, მაგრამ თუ რაიმე კანონდარღვევას მაინც ექნება ადგილი მართლმსაჯულების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხი წმინდა სამართლებრივ სიბრტყეში უნდა გადაწყდეს დისციპლინური პროცედურების შესაბამისად და არა მწვავე საჯარო დებატების ფორმატში, რათა არ დაზარალდეს იურიდიული პროფესიისადმი საზოგადოების ნდობა. ამასთან, შორს ვართ იმ აზრისაგან და იმის დაშვებაც არ გვინდა, რომ მოსამართლეებს შეეძლოთ რაიმე აკრძალული პირადი თუ ქონებრივი ინტერესებით ემოქმედათ და გვინდა ხაზი გავუსვათ გარემოებას, რომ მრავალი მოსამართლე ღირსეულად და კვალიფიციურად ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას საზოგადოებრივი ცხოვრების რთული პირობების მიუხედავად.
აქვე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გვინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთოთ პროკურატურის გამოცდაჩაბარებულ პირთა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.
ადვოკატის პროფესიაში შესვლის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ადვოკატთა ტესტირების გავლა წარმოადგენს, რაც ჯერ კიდევ 2001 წელს ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონით იქნა დადგენილი. 2007 წელს, მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივით, ადვოკატთა კორპუსთან შეუთანხმებლად, დაჩქარებული წესით კანონში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლითაც ადვოკატთა ტესტირებას გაუთანაბრდა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც თვისობრივად ჩამოუვარდებოდა ადვოკათა ტესტირებას, როგორც პროგრამული ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით.
,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის, მე-11 პუნქტის მიხედვით, ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს, თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას. 7 წლიანი მოქმედების ვადა აქვს ასევე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებსაც. მაშინ, როცა პროკურატურის მუშაკთა გამოცდის ძალმოსილებისათვის საერთოდ არაა ვადა დადგენილი (უვადოა), რაც არათანასწორ და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს პროკურატურის გამოცდაჩაბარებულ პირებს მოსამართლეთა და ადვოკატთა ტესტირებაგავლილი ურისტებთან შედარებით. ამასთან, ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის, მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი იმპერატიულად კრძალავს პირის ასოციაციაში გაწევრიანებას, თუ ტესტირების თარიღიდან გასულია 7 წელი, რასაც ადგილი ჰქონდა სადავო შემთხვევებში. ამდენად, აღმასრულებელმა საბჭომ მიიჩნია, რომ თუ ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის ეს მოთხოვნები თანაბრად არ გავრცელდება პროკურორებზეც, ადვოკატები აღმოჩნდებიან აშკარად ისკრიმინაციულ მდგომარეობაში და უკვე ადვოკატებთან მიმართებაში დაირღვევა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის და ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის შესაბამისი დებულებები.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ქვემდგომმა სასამართლოებმა სხვაგვარად განმარტეს კანონი, ხოლო რაც ყველაზე სამწუხაროა, 2013 წელს უზენაესმა სასამართლომ საერთოდ მნიშვნელოვნად არ ჩათვალა აღნიშნული საკითხი და არსებითადაც კი არ იმსჯელა მასზე.
და ბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ შემთხვევას და საქმე რთული კატეგორიისაა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ პროკურატურის გამოცდაჩაბარებულ პირთა გაწევრიანებასთან დაკავშირებული დავა განხილულ იქნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ, რათა მოხდეს კანონის სწორი განმარტება და ამ საკითხთან დაკავშირებით დამკვიდრდეს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.